|
შპს ,,დავების განმხილველი ცენტრის“ საარბიტრაჟო წარმოების წესები (დებულება) ითვალისწინებს როგორც სტანდარტულ საარბიტრაჟო წარმოების პროცედურებს, ასევე გამარტივებული საარბიტრაჟო წარმოების პროცედურებს. გამარტივებული წარმოება გათვალისწინებულია იმ შემთხვევებისათვის, როცა მხარეებმა მედიატორის დახმარებით ან მედიატორის დახმარების გარეშე მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას (მორიგებას) და სურთ მისი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამოწმება.
მოსარჩელე საარბიტრაჟო პრეტენზიას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარუდგენს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის DRC-ის კანცელარიას. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე 3 დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო პრეტენზიის წარმოებაში მიღების შესახებ.
მოპასუხემ საარბიტრაჟო პრეტენზიის მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს DRC-ის კანცელარიას საარბიტრაჟო პრეტენზიაზე შესაგებელი ან შეგებებული პრეტენზია. შეგებებული საარბიტრაჟო პრეზენტაციის მიღების საკითხი წყდება საერთო წესებით. შესაგებლის წარუდგენლობა არ ჩაითვლება საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.
საარბიტრაჟო სასამართლო შედგება ერთი ან სამი არბიტრისაგან DRC-ის დებულების (საქმის წარმოების წესების) და მხარეთა შეთანხმების შესაბამისად. როცა დავას განიხილავს ერთი არბიტრი, მას ნიშნავს DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარე. როცა დავას განიხილავს სამი არბიტრი, მოსარჩელის მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს, მოპასუხის მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს, ხოლო მესამე არბიტრს, რომელიც ამავე დროს საარბიტრაჟოს სასამართლოს თავმჯდომარეც ხდება, ნიშნავს DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარე. არბიტრთა კანდიდატურები წარდგენილი უნდა იქნას საარბიტრაჟო პრეტენზიისა და საარბიტრაჟო პრეტენზიაზე შესაგებლის წარდგენის ვადაში.
თუ DRC-ის დებულებით ანდა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია, რომ დავა იხილება ზეპირი მოსმენის ანუ მთავარი სხდომის გარეშე, საარბიტრაჟო სასამართლო დავას წყვეტს მხარეთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე, მიღებულ და მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. სხვა შემთხვევაში, ტარდება მთავარი სხდომა, სადაც მხარეებს ეძლევათ საშუალება წარმოადგინონ და დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, არგუმენტები.
საქმის განხილვის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში საარბიტრაჟო სასამართლო საქმეზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. საარბიტრაჟო განხილვა უნდა დასრულდეს დავის წარმოებაში მიღებიდან 60 დღის ვადაში, თუმცა საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება.
მხარეთა მორიგებაზე ხელშეკრულების ან სამედიაციო შეთანხმების საფუძველზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყებისათვის DRC-ის სასამართლო ამოწმებს არსებობს თუ არა მხარეთა შეთანხმება მორიგების/სამედიაციო შეთანხმების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების თაობაზე და გადახდილია თუ არა საარბიტრაჟო მოსაკრებელი. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება, DRC-ის სასამართლო ორივე მხარისაგან ითხოვს დადასტურებას, რომ მათ საერთო სურვილს წარმოადგენს მორიგების/სამედიაციო შეთანხმების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დადასტურება. დადასტურება არ მოითხოვება, თუ სამედიაციო შეთანხმებაზე/მორიგებაზე, რომელიც ითვალისწინებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილებით მის დამტკიცებას, მხარეთა ხელმოწერები დამოწმებულია სანოტარო წესით.
DRC-ის სასამართლო შეისწავლის ხომ არ ეწინააღმდეგება სამედიაციო შეთანხმება/ხელშეკრულება დავის მორიგებით დასრულებაზე მოქმედ კანონმდებლობას, რამდენად ნათლად არის ჩამოყალიბებული მისი დებულებები და მისი დარღვევის შემთხვევაში, იძულებითი აღსრულების შესაძლებლობას, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას მხარეთა მორიგების/სამედიაციო შეთანხმების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების შესახებ.
<< უკან დაბრუნება
|